Wednesday, June 25, 2008

გამოქვეყნდა კონფერენციაში მონაწილეთა სია

8 ივნისს დასრულდა 2008 წლის საზაფხულო კონფერენციის ფარგლებში მიმდინარე საგაკვეთილო გეგმების საკონკურსო განაცხადების მიღება. შემოსულია 620 განაცხადი. ამის შემდეგ დაიწყო გაკვეთილების შერჩევის პროცესი წინასწარ გამოცხადებული პირობების თანახმად:

  • განიხილება გაკვეთილის გეგმა, რომელიც წარმოდგენილია მინიმუმ ორი სხვადასხვა საგნობრივ ჯგუფში შემავალი დისციპლინების მასწავლებლის მიერ. გაკვეთილი უნდა უკავშირდებოდეს მინიმუმ ორი საგნობრივი ჯგუფის სასწავლო შედეგს;
  • გაკვეთილის მასალებზე მუშაობისა თუ გაკვეთილის მიმდინარეობის დროს გამოყენებული უნდა იყოს ინფორმაციული ტექნოლოგიები; გაკვეთილის სასწავლო შედეგებში გათვალისწინებული უნდა იყოს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული ისტ (ICT) ინდიკატორები;
  • წარმოდგენილი გაკვეთილი უნდა იყოს ჩატარებული/განხორციელებული 2007-2008 სასწავლო წლის განმავლობაში;
  • მასალები წარმოდგენილი უნდა იყოს საგაკვეთილო გეგმის ნიმუშის ფორმით, ახლდეს შესაბამისი დოკუმენტაცია და იყოს განთავსებული საგანმანათლებლო პორტალზე ge.lemill.net
მხოლოდ თბილისის მასშტაბით შეირჩა 151 გაკვეთილი, რომლებიც მასწავლებლებმა უნდა წარადგინონ 1, 2 და 3 ივლისს ხუთ პარალელურად მიმდინარე კონფერენციაზე.
29 ივნისს მთავრდება კონფერენციაში მონაწილეთა რეგისტრაცია. გთხოვთ, წაიკითხოთ პირობები კონფერენციის ბლოგზე www.forum-dlf.blogspot.com და ფონდ ”ირმის ნახტომის” ოფიციალურ ვებ საიტზე www.dlf.ge.

Monday, June 9, 2008

კონსულტაციები საზაფხულო კონფერენციაში მონაწილე მასწავლებლებისთვის - დასავლეთ საქართველო

6-დან 8-ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა საკონსულტაციო შეხვედრები დასავლეთ საქართველოს რაიონულ ცენტრებში. გაიმართა რვა შეხვედრა ბათუმის, ქობულეთის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, ფოთის, ზუგდიდის, სენაკის 17 სკოლასთან. შეხვედრებზე მასწავლებლებს აუტარდათ ზოგადი ხასიათის ტრენინგი ლემილის გამოყენებასთან დაკავშირებით და საუბარი იყო კონფერენციის მიზნებსა და მოსალოდნელ შედეგებზე.